Tramvai.GE

თბილისის ტრამვაი

Tramvai.GE
ჩვენი აქტივობები

ტრამვაის საკითზე ტექნიკურ უნივერსიტეტში კონფერენცია გაიმართა

თბილისის საკრებულოს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და საინიციატივო ჯგუფ „თბილისის ტრამვაის“ ინიციატივით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის საკითხებთან დაკავშირებით, კონფერენცია–„თანამედროვე ტრამვაი თანამედროვე თბილისში“ გაიმართა. კონფერენციას თბილისის მერი გიგი უგულავა, დედაქალაქის საკრებულოს წევრები: კონსტანტინე იონათამიშვილი, ჯაბა სამუშია, ვიქტორ დოლიძე, გიორგი ტყემალაძე, გიორგი ჩაჩანიძე, ექსპერტები: თენგიზ ფხალაძე, სოსო ცინცაძე, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები და საინიციატივო ჯგუფის “თბილისის ტრამვაი’’ წარმომადგენლები ესწრებოდნენ. როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ეფექტურობის გაზრდის მიზნით საზოგადოებრივი საბჭო შეიქმნება, რომელიც თბილისის თვითმმართველობის ორგანოებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მოსახლეობასთან აქტიურად ითანამშრომლებს. “ვცდილობთ ჩვენს მოსახლეობას მაქსიმალურად განახლებული სერვისები შევთავაზოთ, რომლებიც ბევრად კომფორტულს გახდის გადაადგილებას, შეამცირებს საცობების რაოდენობას, ეს კი ქალაქს მეტ ხიბლსა და სილამაზეს შემატებს’’,- განაცხადა გიგი უგულავამ. როგორც უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა კონსტანტინე იონათამიშვილმა აღნიშნა, თბილისის მერია და საკრებულო მზადაა ყველა ის მოსაზრება, წინადადება თუ შენიშვნაგაითვალისწინოს, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის სერვისის გაუმჯობესებას ემსახურება. “ჩვენი ამოცანაა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყოს ეფექტური, უსაფრთხო და ხელმისაწვდომი. აქედან გამომდინარე, ტრამვაის ძალიან დიდი პერსპექტივები აქვს. მერია და საკრებულო ამ საკითხს ერთობლივად გაუკეთებს ორგანიზებას. ჩვენ საბჭოში ვიწვევთ სხვადასხვა დარგის სპეციალისტებს და იმისათვის, რომ კიდევ უფრო დაიხვეწოს ელექტრო ტრანსპორტის განვითარების სტრატეგია, საზოგადოებასთან, პროფესიონალებთან, სპეციალისტებთან და ურბანისტებთან ერთად ვიმოქმედებთ”, – განაცხადა კონსტანტინე იონათამიშვილმა. მიწისზედა ტრანსპორტის, კერძოდ კი ტრამვაის პრეზენტაცია დღეს დამოუკიდებელი საინიციატივო ჯგუფის „თბილისის ტრამვაი“ წარმოადგენლებმა მოაწყეს და ამ ტრანსპორტის უპირატესობებზე ისაუბრეს. “ტრამვაის იდეის პოპულარიზაციისათვის ჩვენ ვგეგმავთ სოციალურ ქსელებში ფართო კამპანიადღეიდანვე გავშალოთ. შევეცდებით მოვახდინოთ ინფორმირება, რომ ტრამვაი არის მომავლის თანამედროვე ტრანსპორტი და არა ძველი დრომოჭმული სისტემა”,- აღნიშნა საინიციატივო ჯგუფის “თბილისის ტრამვაი’’ წარმომადგენელმა გიორგი ბაბუნაშვილმა. დედაქალაქში ტრამვაის ხელახლა დაბრუნებას დადებითად აფასებენ ოპოზიციის წარმომადგენლებიც. “მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგი ინიციატივაა. ჩვენ აქამდეც მხარს ვუჭერდით ტრამვაის აღდგენას. ეს არის ეკოლოგიური გადაადგილების უსაფრთხო საშუალება. კარგია, რომ ექსპერტებთან და საზოგადოების სხვა წარმომადგენლებთან ადრეულად დაიწყო ამ ინიციატივის განხილვა. ეს თემა საჯარო განხილვის საგანი უნდა გახდეს, თუმცა საინტერესოა, თუ რა ხარჯებთან იქნება ეს დაკავშირებული და რა პერიოდის განმავლობაში მოხდება მისი განახლება”, – განაცხადა საკრებულოს ფრაქციის “ჩვენი თბილისი” წევრმა ვიქტორ დოლიძემ. ტრამვაის შემოღებამდე კი ერთ-ერთი ფრანგული კომპანია მერიის დაკვეთით ქალაქის განაშენიანებას იკვლევს. სწორედ ამ კვლევის შედეგების საფუძველზე გადაწყდება, თუ რომელ ქუჩებზე გაივლის ტრამვაის ხაზი.