თბილისში ტრამვაის ხაზის მარშრუტის დასადგენად კვლევა ჩატარდება. სატრანსპორტო ქსელის ოპტიმიზაციის, მგზავრობის ხასიათის, მგზავრთა ნაკადისა და მოქალაქეების სამგზავრო ჩვევების ანალიზის ჩასატარებლად პროექტი განხორციელდება, რომელსაც ფრანგული სატრანსპორტო დაგეგმარებითი კომპანია “სისტრა” განახორციელებს.

პროექტის პრეზენტაცია დღეს სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” შედგა. პრეზენტაციას მერიის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელები და კომპანია “სისტრას” წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

თბილისის მერიასა და საფრანგეთის მთავრობას შორის გასული წლის ბოლოს გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, ფრანგული მხარის დაფინანსებით ფრანგულ კომპანია “სისტრას” შინა მეურნეობების კვლევა დაევალა. ამ მიზნით თბილისში რვა ათასი ოჯახის გამოკვლევა მოხდება, რომელიც 26 იანვრიდან დაიწყება და აპრილის ბოლომდე განხორციელდება. თავად კვლევის პროცესს კომპანია IPM განახორციელებს.

თბილისის მერია თხოვნით მიმართავს მოქალაქეებს, მხარდაჭერა აღმოუჩინონ IPM-ის წარმომადგენლებს კვლევის ჩატარების პროცესში.

როგორც პრეზენტაციის ორგანიზატორებმა განაცხადეს, პროექტის ღირებულება ერთი მლნ დოლარია. აღნიშნული პროექტი უმთავრესად თბილისში ტრამვაის ხაზის მარშრუტის დასადგენად განხორციელდება.

პროექტის ფარგლებში მოხდება ტრამვაის ხაზის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება, გარემოზე ზემოქმედების განსაზღვრა, ასევე სატენდერო დოკუმენტების მომზადება და პროექტის ხარჯთაღრიცხვის გაკეთება.

ფრანგული სატრანსპორტო დაგეგმარებითი კომპანია “სისტრა” 50 წელია არსებობს და პარიზში ტრანსპორტის საინჟინრო სისტემებს მომსახურეობას უწევს.

წყარო: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/157298-thbilisshi-tramvais-khazis-marshrutis-dasadgenad-kvleva-chatardeba.html

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *