Tramvai.GE

თბილისის ტრამვაი

Tramvai.GE
პერსპექტივები

Upcoming route

 თბილისის ახალი ტრამვაის პირველი ხაზი რუსთაველზე და სხვა ცენტრალურ გამზირებზე გაივლის და ქალაქის ცენტრს გარეუბნებთან დააკავშირებს. ფრანგულმა კომპანია „სისტრამ“ თბილისში ჩატარებული ერთწლიანი სამუშაოს შედეგები 6 აპრილს გამოაქვეყნა და ტრამვაის პირველი ხაზის მარშრუტის პრეზენტაცია მოაწყო. ტრამვაის მარშრუტი უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსიდან დაიწყება და ორთაჭალის ავტოსადგურთან დამთავრდება. ფრანგული კომპანია „სისტრას“ მიერ მომზადებული პროექტის მიხედვით, თბილისის ტრამვაის პირველი ხაზის სიგრძე 14 კილომეტრი იქნება. ტრამვაის ლიანდაგები უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსიდან დაიწყება, იქვე აშენდება დეპოც. მომდევნო კვანძი მეტრო დელისი იქნება, საიდანაც ტრამვაის ხაზი ვაკის პარკს დაუკავშირდება და ჭავჭავაძის გამზირზე გაივლის. მთლიანად ტრამვაის დაეთმობა ახვლედიანის (ყოფილი პეროვსკაიას) ქუჩა, შემდეგ, რუსთაველის გამზირის გავლით, ტრამვაი ასევე ავტომობილებისთვის გადაკეტილ კოტე აბხაზის (ყოფილ ლესელიძის) ქუჩაზე მოხვდება. ტრამვაი გაივლის „მეიდანზეც“ და გორგასლის ქუჩით ორთაჭალის ავტოსადგურს დაუკავშირდება. თბილისის ტრამვაის პირველ ხაზზე მოეწყობა 23 გაჩერება და ტრამვაის შემადგენლობა პიკის საათში 4 წუთიანი ინტერვალით იმოძრავებს.