საქართველოს პრეზიდენტმა ქუთაისში, მთავრობის ახალი სახლის მშენებლობის გახსნაზე ამ ქალაქის ღირსებებზე ისაუბრა . როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, ქუთაისის თავისებურება ის არის, რომ იქ ბოლომდე არასოდეს ცივა. “აღარაფერს ვამბობ ხალხის სითბოსა და განსაკუთრებულ ადამიანურ კლიმატზე, რომელიც აქ არის. ბოლო დროს ჩვენ, მათ შორის ჩემს ქუთაისელ მეგობრებს ჰქონდათ განცდა, რომ ქუთაისს არაფერი ეშველება, როგორი ჩაოხრებული, გაუბედურებული და გაღარიბებულიც არის, მთელი ცხოვრება ისეთი დარჩება. დღეს კი შეხედეთ, რა სილამაზეა გარშემო. ნახეთ როგორ გაკეთდა ცენტრი, როგორი პარლამენტი და მთავრობის სახლი შენდება, როგორი კონტროლის პალატა აშენდა. იქიდან გამოვა პირდაპირ ბულვარი, ქუთაისის ცენტრისკენ ძალიან ფართო ახალი გამზირი გამოაჭრის, 30 კმ-ზე ველოსიპედების გზები კეთდება, რომლის გარშემოც დაირგვება პალმის ხეები და ბათუმის ბულვარივით განათდება”, – განაცხადა პრეზიდენტმა. მისივე თქმით, თბილისისა და ბათუმის შემდეგ, ქუთაისშიც იქნება ჩქარი ტრამვაი და აეროპორტიც ისე მოეწყობა, რომ იქიდან ევროპაში მუდმივი რეისები შესრულდეს. “ათი წლის წინ, როცა პირველი რეისი, კოპიტნარი-პარიზი შესრულდა, დიდი სენსაცია იყო. გუბერნატორს ეს ჰქონდა მთავარ სიამაყედ, რომ ჯაგლაგი “ტუ-154″ ერთხელ კოპიტნარიდან პარიზში გადააფრინეს. წაიღეს შემწვარი გოჭები და ქათმები და ეს იყო დიდი გარღვევა ევროპაში. დაიმახსოვრეთ, სულ ცოტა ხანში აქედან ევროპაში დღეში 6 რეისი შესრულდება და ეს იქნება ჩვეულებრივი მოვლენა თითოეული ჩვენგანისთვის”, – აღნიშნა სააკაშვილმა.